logo
ENG



ამბები, რომლებიც 23 აგვისტოს უნდა იცოდე

23 აგვ 202010:22
3 წუთის საკითხავი
clock 4307
ej9qqmhbl397mw9.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 23 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

ახალი მანქანა შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი ახალი ავტომობილი ჩნდება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, „ლიდერ ფუდის“ კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ 00 საათსა და 49 წუთზე არაგვის ხიდის ქვემოთ შემოვლითი გზიდან BMW-ის მარკის ავტომობილი ამოდის. 

საუბარია გზის იმ მონაკვეთზე, სადაც, გამოძიების ვერსიით, გიორგი შაქარაშვილი მდევრებმა ალყაში მოამწყვდიეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ავტომობილი 1988 წელს დაბადებულ ზურაბ ბარბაქაძეს ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, ეს დაახლოებით ის დროა, როცა გიორგი შაქარაშვილი და მისი მდევრები ხიდის ქვეშ შემოვლით გზაზე უნდა ყოფილიყვნენ.  არის თუ არა ავტომობილის მძღოლი გამოკითხული, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ბრალდებულების ადვოკატები.

 

ბაჩალიაშვილის საქმე - საეჭვო მედიკამენტების კვალი

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია. 4 მედიკამენტის გარდა, რომელიც შუალედური დასკვნის შედეგად გახდა ცნობილი, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კიდევ ერთი მედიკამენტის კვალი აღმოაჩინეს.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აღნიშნულ მედიკამენტს შეუძლია ადამიანი გათიშოს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ ბოთლში, კიდევ 2 მედიკამენტია აღმოჩენილი. 

 

ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება 

13 წლის ილია ფილფანს 35-ე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სვანეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარის ნაპირას და წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. 

მოზარდის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული

 

სრული იგნორი იყო - თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სიცრუეს უწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცენტრს მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია," - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მაჰათმა განდის სათვალე აუქციონზე 340 000 დოლარად გაიყიდა

Sky NEWS-ის ცნობით, გამოჩენილი ინდოელი საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის სათვალე აუქციონზე 340 ათას დოლარად გაიყიდა. სააუქციონე სახლმა East Bristol Auctions სათვალე 21 აგვისტოს გაყიდა. სათვალის ბოლო მფლობელს ნივთი ბიძისგან ერგო, რომელიც 1910-1930-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში მუშაობდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაჰათმა განდიც ცხოვრობდა.

„ეს, ალბათ, ყველაზე ცნობილი სათვალე და ყველაზე ძვირადღირებული ისტორიული ლოტია, რაც კი ოდესმე გვქონია. როდესაც მფლობელს ვუთხარი, რომ სათვალე 20 ათას დოლარად ფასდებოდა, მას ძალიან გაუკვირდა. საბოლოო ჯამში, სათვალე საწყის ფასთან შედარებით 17-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა,“ - განაცხადა East Bristol Auctions-ის წარმომადგენელმა ენდრიუ სთოუიმ.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1394 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1132 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 269 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6848 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 23.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 15.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 808 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა