ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 23 ოქტომბერს უნდა იცოდეთ
თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ
უკვე მესამე დღეა, თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ბანკში შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლართან ერთად გაიქცა, არ დაუკავებიათ. უცნობია, დატოვა თუ არა მძარცველმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. ახალ ინფორმაციას არც გომელაურის უწყებაც ავრცელებს.
თავდამსხმელის გაქცევისა და მიმალვის ფაქტს ეხმაურებიან ოპოზიციაში. ლიდერები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მომხდარი ფაქტი სერიოზულად არ აღიქვა და ამიტომაც, ღონისძიებები დროულად ვერ ჩაატარა. განსხვავებული შეხედულება აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრს. ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანამ დიდი ტრაგედია აიცილა თავიდან.
ძარცვა ქობულეთში
როგორ გაძარცვეს საინკასაციო კომპანიის კერძო დაცვის თანამშრომელი ქობულეთში - სოციალურ ქსელში მომხდარის ვიდეოჩანაწერი ვრცელდება. მძარცველია მიმალვაშია. არსებული ინფორმაციით, გატაცებულია 75 ათასი ლარი. შემთხვევა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, ბანკში აცხადებენ, რომ მათი კუთვნილი ფული წაღებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
ხობში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა
ხობში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნათესავები არიან. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა. გარდაცვლილსა და მის ნათესავ ძმებს შორის დავა სახლთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
სოფელ ხეთაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციაში ორი ადამიანია დაკავებული. გამოძიება 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
საკრებულოს დეპუტატის გატაცების საქმე
საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ახმედოვის გატაცების ფაქტზე შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევია.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საკრებულოს დეპუტატის ავტომობილი გაიტაცა. ფორმულას ინფორმაციით, ახმედოვმა კუთვნილი მანქანის დაბრუნება საქმეში ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევის შემდეგ მოახერხა.
სოსო ჯაჭვლიანის განცხადება
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი თბილისის მერთან და საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა. ქართული ოცნების ყოფილი წევრი ფორმულასთან ამბობს, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე კონკრეტული ადამიანის დახმარებით მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ის თბილისის მერთან დაკავშირებას ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა. ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი ოჯახის მიმართ მუქარის ფაქტები არ შეწყდება, მან საელჩოებს მიმართოს და ოჯახის დაცვაში დახმარება სთხოვოს.
სოსო ჯაჭვლიანის ოჯახზე მუქარა და დევნა ბოლო პერიოდში გახშირდა. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის ცოლს სახლთან ნიღბიანი პირი დახვდა და პრობლემების შექმნით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ჯაჭვლიანი თანამდებობას არ დატოვებდა. ამას კი წინ უძღოდა გამგეობის სხდომაზე შეჭრა და ჯაჭვლიანისთვის კვერცხებისა და წყლის დაშენა.
NDI-ის საარჩევნო შეფასება
საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიები და კამპანიის გარემო, მედია და დეზინფორმაცია - NDI ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო შეფასების შემდგომ ეტაპს იწყებს. დისტანციურ შემფასებელთა ჯგუფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდება.
არჩევნების დისტანციური შეფასების ჯგუფს ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, NDI-ის პრეზიდენტი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი, საქართველოს ოფისის დირექტორი და არჩევნების პროგრამების დირექტორი უხელმძღვანელებენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დეტალურ ანგარიშს 3 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა
გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა. ის დღეიდან უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. საბჭომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიქაუტაძის შემცვლელი, საბჭოს ორი მოსამართლე წევრი და კონფერენციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი უნდა აირჩიოს.
ჯანეზაშვილი: სასამართლო სისტემა არჩევნებისთვის ემზადება, როლების გადანაწილების პროცესია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი - ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, ახლა თანამდებობების დაკავებისა და როლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.
სოფელ ზერტში ბაღებიდან ხილს იპარავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ბაღებიდან ხილის მოპარვა დაიწყეს. ადგილობრივები ფორმულა ნიუსთან საუბარში აცხადებენ, რომ ქურდები ხილს პირდაპირ ხიდან კრეფენ და ისე იპარავენ. ადგილობრივების თქმით ზარალი დიდია, მოპარულია ასეულობით კილოგრამი ხილი: ვაშლი, მსხალი და კომში. მოსახლეობა სამართალდამცველებისგან დახმარებას ითხოვს.
„ქართული ოცნების" სოფლის მეურნეობის პროგრამა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" თელავში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი-ახმეტის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა გახსნა.
რიგით მეორე პრეზენტაციაზე პარტიამ სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები წარადგინა. პრეზენტაციაზე ვიდეო-რგოლებიც აჩვენეს, რომლებიც პარტიის წევრების თქმით, ამ სფეროებში მიღწეულ შედეგებს ასახავს.