logo
ENG



ამბები, რომლებიც 24 აგვისტოს უნდა იცოდე

24 აგვ 202009:22
3 წუთის საკითხავი
 
9bkggaia9t858br.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 24 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

ტრაგიკული შემთხვევა შატილის გზაზე

სოფელ ბარისახოსა და ბისოსთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედაა დაშავებული. პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან, დაჯახების შედეგად გადავარდა. სავარაუდოდ, ის ჯერ ცარიელ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი კლდის ფერდობიდან გადავარდა. 

არსებული ინფორმაციით, მანქანა ტურისტულ კომპანია traveller.ge-ის ეკუთვნოდა და მასში 20 ადამიანი იჯდა. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ტურში მყოფი ადამიანები თბილისისკენ მოემართებოდნენ. გარდაცვლილები ხევიდან გვიან ღამით ამოასვენეს და ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე ამოყვანითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ისინი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ღამით გადმოიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი, გიორგი მძინარიშვილი განმარტავს, სამივე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მაგთან ორი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. 

 

ძლიერი სტიქია საქართველოში

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე უბანი დაიტბორა. ფოთის ქუჩაზე წყალი სახლების პირველ სართულზე შევარდა. მოსახლეობის განცხადებით, წლების განმავლობაში ყოველი წვიმის შემდეგ ისინი გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. მაშველები ყველას ერთდროულად დახმარებას ვერ ასწრებდნენ, ამიტომ ადგილობრივებს სახლებიდან წყლის ამოტუმბვისთვის რიგის დაკავება უწევდათ. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარესამყაროს მოწყვეტილი ხუთი სოფლიდან ოთხთან კავშირი აღდგა. ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, საყდარის, დურაშისა და ტვიბის მიმართულებით მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან ადგილზე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟები იყო მობილიზებული. რომლებმაც დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან და საჯარო სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები განახორციელეს. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზიანდა სკოლის კუთვნილი ტექნიკა და ინვენტარი. 

 

ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოკითხვების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. ის საქმის მასალებს თბილისის პროკურატურაში გვიან ღამემდე ეცნობოდა. რამიშვილის თქმით, არათუ საჭირო, არამედ აუცილებელია გამოკითხული პირები, მათ შორის პოლიციელი და მწყემსიც, ახლიდან გამოიკითხონ, რადგან მათ ჩვენებებში მხოლოდ თამარის მიმართ კითხვები ჩანს - უცდია თუ არა მას თვითმკვლელობა, ან ჰქონდა თუ არა დეპრესია. ამასთან, რამიშვილი აცხადებს, რომ ხელახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და გამოკითხვები საქმეში ბევრ ახალ დეტალს გამოკვეთს. 

 

შაქარაშვილის საქმე

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესზე მათთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გადახედვა მოხდება. დაცვის მხარე დღეს რამდენიმე შუამდგომლობას წარადგენს, მათ შორის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასა და მოსამართლის აცილების შესახებ. ადვოკატების თქმით, მათ მოსამართლე ეკატერინე კულუკაშვილის პირობებში მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გამამართლებელ განაჩენს არ ელოდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებს.

 

რას გადაწყვეტს ენმ ისანზე 

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად სალომე სამადაშვილს განიხილავს. ისანში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ნაწილს ერთიანი კანდიდატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჰყავს წარდგენილი. პარტიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა კანდიდატების ვინაობაზე და მათ უახლოეს მომავალში წარადგენენ. 

 

გაერთიანებული ოპოზიციის დეკლარაცია 

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ხმების დაცვის დეკლარაციას ოფიციალურად მოაწერენ ხელს. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, ოპოზიცია არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავა ქართულ ოცნებასთან და ისინი აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მმართველ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ყველა გზა მოუჭრან. “ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის„ წევრი ანზორ ბიწაძე კი მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე პარტია დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, გამოაშკარავდება, რომ ისინი მმართველ გუნდთან არიან შეკრულნი.

 

ვითარება ბელარუსში

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად, ევროპის ქვეყნებში აქციები გაიმართა. ლიეტუვაში 50 ათასზე მეტი ადამიანი ცოცხალ ჯაჭვში გაერთიანდა, რომლის სიგრძე 35 კილომეტრს შეადგენდა და ვილნიუსიდან, ბელარუსის საზღვრამდე მიაღწია. აქციაში მონაწილეობა ქვეყნის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმაც მიიღეს. გამოსვლები ლატვიის, პოლონეთის, ბელგიისა, ჩეხეთის, უკრაინისა და ესტონეთის დედაქალაქებშიც ჩატარდა. 

ბოლო მონაცემებით გუშინდელ საპროტესტო მარშში, მხოლოდ ბელარუსის დედაქალაქში, 250 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად სახელმწიფო მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩასვლისას ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს. გავრცელებულ ფოტომასალაში ასევე ჩანს, რომ შეიარაღებული იყო მისი 15 წლის ვაჟიც. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ მიმდინარეობს. მომიტინგეების მოთხოვნები ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1411 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1132 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7005 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 23.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 16 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 812 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 


close დახურვა