logo
ENG



ამბები, რომლებიც 28 ივლისს უნდა იცოდე

28 ივლ 202008:53
3 წუთის საკითხავი
clock 1377
fa49tkg5vfgc3s8.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 28 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

მაიკ პომპეოს განცხადება

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭირვალე გარემოში ჩატარების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს მაიკ პომპეომ და გიორგი გახარიამ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განმარტა, რომ თამაშის თანაბარი წესები დემოკრატიული არჩევნების არსებითი წინაპირობაა. პომპეომ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები მოიწონა და ახლადმიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით განხორციელებასაც გაუსვა ხაზი.

ყურადღების მიღმა არც მართლმსაჯულების სისტემა დარჩენილა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს დაჟინებით მოსთხოვა სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გააძლიეროს. ამასთან, პომპეომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა არ დაუშვას სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზება. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს დაუჭერს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა იყო COVID-19 და გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევები. 

 

ილია ფილფანს მე-11 დღეა ეძებენ

სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, 80-ზე მეტი მაშველი და ერთი ვერტმფრენია ჩართული. მესტიის გარდა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპიროზეც.

ბიჭს საკუთარი ძალებით ეძებს მოზარდის მამაც. მშობლებმა რამდენიმე ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს და მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ. მამის თქმით, შვილთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა და იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა. 

 

კომპანია „ზეგის" დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში 6 საათის განმავლობაში გამოკითხვაზე კომპანია „ზეგის" დირექტორი თამარ კობერიძე იმყოფებოდა. მისი უფლებადამცველის ქეთი მირიანაშვილის განმარტებით, უწყებას შეკითხვები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა. როგორც ცნობილია, კომპანია „ზეგის“ ოფისიდან გატანილი კომპიუტერები გამომძიებლებს ამ დრომდე არ გაუხსნიათ. უწყებას გამოკითხული ყავს კომპანიის ყველა თანამშრომელი, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს , რომ ისინი ხელმეორედ გამოკითხონ. 

დღეს, 21:00 საათზე „პოლიტმეტრში“ ნახავთ, რა გარემოებას მიაგნო გადაცემამ, რომელმაც ბაჩალიაშვილის საქმეს, შესაძლოა, სულ სხვა მიმართულება მისცეს.

 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო

3 დღეში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღკვეთის ღონისძიება მათ მიმართ უცვლელი დარჩება. 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებას უსაფუძვლოს უწოდებენ ადვოკატები და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. შაქარაშვილის ოჯახისთვის კატეგორიულ მოთხოვნად ტოიოტა ქემრის ავტომობილის მგზავრებისთვის ბრალის დამძიმება რჩება. 

 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და აპარატის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, თემურ და მათე ღვინჯილიები მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მათ უაქციზო სიგარეტი სოფელ ფახულანის ტყეში დატვირთეს, გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ინფექციური საავადმყოფო სერგეენკოს უპირისპირდება

ინფექციური საავადმყოფო დავით სერგეენკოს უპირისპირდება - „რა გაუკეთა" და „რა გაუფუჭა" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას? ამ სათაურით აქვეყნებს ჩანაწერს კლინიკა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

საუბარია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან საკუთარ მიღწევებთან ერთად, აღნიშნა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება შეუძლია", ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია". ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სერგეენკოს სთხოვს, ჩამოთვალოს რა დამსახურება აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და კლინიკის განადგურების პირამდე მიყვანაში

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1137 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 922 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 326 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6439 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 16.6 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 10.2 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 656 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 66 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 


close დახურვა