ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 29 აგვისტოს უნდა იცოდეთ
„შავი პანტერა” გარდაიცვალა
პოპულარული ფილმის, „შავი პანტერას“ ვარსკვლავი ჩადვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. ცნობილი მსახიობი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ვის ადანაშაულებს ბაჩალიაშვილის მამა?
გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი პროკურატურას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გაეცეს კითხვებს პასუხი. მათ კვირას აქციის გამართვაც დააანონსეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ საქმეში გიორგი ლილუაშვილია გარეული.
ოჯახის უფლებადამცველი სუს-ის იმ 3 ავტომობილის გადაადგილების დეტალური მარშრუტის გასაჯაროებას მოითხოვს, რომელიც ცნობილ ვიდეო კადრებში ჩანს. მისი თქმით, შავნაბადას საწვრთნელი ბაზიდან არსებობს საიდუმლო გასასვლელი, საიდანაც სახელმწიფო უსაფრთხოების კუთვნილ ავტომობილებს შეეძლოთ სოფელ მაწევანში ჩასვლა, იქ სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.
ციანიდის საქმე
დეკანოზი გიორგი მამალაძის საპატიმროში მონახულების გამო საპატრიარქომ ორ საეკლესიო პირს მღვდელმსახურება შეუწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაცია დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ გაავრცელა.
მღვდელმსახურები მომხდარს არ უარყოფენ და ამბობენ, რომ მსახურების შეჩერება მხოლოდ პატიმრის მონახულების გამო არ მომხდარა, კიდევ ერთი მიზეზი რატომაც მათ წინააღმდეგ საპატრიარქომ ეს სასჯელი გამოიყენა, პეტრე ცაავას მხარდაჭერაა.
გარდაცვლილი მოზარდის საქმე
11 წლის ბიჭი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში ჯერ არ დაუკრძალავთ. ოჯახი დედის ჩამოსვლას ელოდება გარდაცვალების საქმეში კი ახალი დეტალები იკვეთება. მოზარდის ბებია ამბობს, რომ ხეზე ჩამომხრჩვალი ბავშვი მამის გარდა არავის უნახავს, როდესაც ბიჭი მეზობლებმა ნახეს, გარდაცვლილი უკვე საწოლზე იყო დასვენებული.
ბიჭის ოჯახის წევრისთვის სწორედ ეს გარემოებაა საეჭვო და აფიქრებინებს, რომ ბავშვი მამას ცემისას შემოაკვდა. ბრალდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის და ძალადობის მუხლითაა დაკავებული და ამ დროისთვის ბრალს არ აღიარებს.
თენგიზ ცერცვაძის მორიგი განცხადება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ინფექციური კლინიკის Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში ინფექციური კლინიკის საჭიროებაზე საუბრობს.
.ცერცვაძე მორიგ განცხადებაში ინფექციური კლინიკის საჭიროებაზე საუბრობს
განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფექციური პროფილის კლინიკებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 12-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკაში. ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღესდღეობით საქართველოს კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალიდან ინფექციური პროფილის კლინიკიდან მხოლოდ ოთხია.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1462 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1196 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5943 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 17.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 841 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.