logo
ENG



ამბები, რომლებიც 3 ივლისს არ უნდა გამოტოვო

03 ივლ 202009:10
3 წუთის საკითხავი
 
3sh1wwg8pu5bwts.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 3 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს „ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერის გარეშე დაუჭირა მხარი. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან რომ კოდექსი ეუთო ოდირის მოთხოვნილ ძირითად რეკომენდაციებს აკმაყოფილებს. ოპოზიციაში კი ხარვეზებზე საუბრობენ.

საარჩევნო კოდექსის დამტკიცება საქართველოს ამერიკის საელჩომ მიულოცა. „მიღებული კანონი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას თუმცა, კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი. დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი," - ნათქვამია განცხადებაში.

 

გაუქმებული ჯარიმები

გორის რაიონულმა სასამართლომ სოციალური დისტანციის დარღვევისთვის გამოწერილი 3000 ლარიანი ჯარიმა 7 მოქალაქეს გაუუქმა. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს, მესამე სექტორის ცნობით მიმდინარე წლის 21 აპრილს მათ გორში მცხოვრებლებმა მიმართეს, ადგილობრივები ამტკიცებდნენ რომ საპატრულო პოლიციამ დისტანციის დაუცველობის გამო ისინი უსამართლოდ დააჯარიმა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გორის რაიონულ სასამართლოს ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, სასამართლომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.

 

ქართული მარშის საარჩევნო გეგმები

„ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია დააარსა და 2020 წლის არჩევნებისთვისაც იწყებს მზადებას. ანტილიბერალური პროპუტინული „ქართული მარშის“ ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგა - სწორედ იქ, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა მოწვევის საპარლამენტო სია წარადგინა. ახალ გაერთიანებაში „ქართული ოცნების“ ყოფილი ცნობილი სახეებიც არიან.

ქართული მარშის მიერ პარტიის დაფუძნებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მარშის ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების" მიერაა ნაკარნახევი მმართველ გუნდში კი ქართულ მარს სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად პრორუსულს უწოდებენ. 

 

აქცია მთავრობის კანცელარიასთან

ფიტნეს ინსტრუქტორები სპორტდარბაზების და დახურული საცურაო აუზების გახსნას ისევ ითხოვენ. სპორტსმენებმა და ტრენერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მათთვის გაუგებარია რატომ არის სპორტდარბაზების ამუშავება რისკის შემცველი - აქციის მონაწილეები შესაბამის პირებთან შეხვედრას და მათგან არგუმენტების მოსმენასაც ითხოვენ. 

 

რურუას საქმე

რურუას სასამართლო პროცესზე შესაძლოა სახალხო დამცველი დაიკითხოს. დაცვის მხარემ სასამართლოში ახალი მტკიცებულებების სახით ომბუდსმენის აპარატიდან მოპოვებული დოკუმენტაცია წარადგინა. სასამართლომ დოკუმენტაციის ნაწილი დასაშვებად ცნო. ამას გარდა, სხდომაზე დაიკითხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელიც. საქმის ახალი მასალებით დგინდება რომ პოლიციელებმა არასწორი ჩვენება მისცეს, ბრალდების მხრიდან კი დარღვევები იკვეთება. ნინო ლომჯარიას განმარტებით, როდესაც ბიოლოგიური მასალის აღების დროს ადვოკატს დასწრების უფლება არ მიეცა, ამით ბრალდებულის საპროცესო უფლება დაირღვა. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

939 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 817 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 242 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3080 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 10.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 524 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 800-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

ლიონელ მესიმ 2021 წლიდან შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონას ფორვარდმა კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა და კლუბის დატოვებას აპირებს. ლიონელ მესის მოქმედი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს. რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი, უკმაყოფილოა „ბარსელონას“ გარშემო მიმდინარე მრავალრიცხოვანი პრობლემებით, კლუბიდან ინფორმაციის გაჟონვითა და გუნდში დაძაბული სიტუაციით. 


close დახურვა