ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 7 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
შეზღუდვები (არ) უქმდება
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება, შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების ვადა 15 ივლისამდე იყო განსაზღვრული, დეპუტატები კი ვადის წლის ბოლომდე გადაწევას გეგმავენ. საკანონმდებლო ორგანოში ამის მიზეზად კორონავირუსის მეორე ტალღას ასახელებენ. კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა კომიტეტებზე დაიწყება.
ახალი ინიციატივა პარლამენტში
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ორგანიზაციებსა და ტელევიზიებში შესაძლოა სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. ამის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა. შესაძლო ცვლილებებს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურებიან მესამე სექტორშიც. მათი განმარტებით დოკუმენტში ბევრი ბუნდოვანება და ხარვეზია
ბუნდოვანება შაქარაშვილი საქმეში
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულების ადვოკატები გამოძიებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. იმ ადგილის დაწვის შემდეგ სადაც საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება საჭირო აღარაა. ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატს, გიორგი ყიფშიძეს ხანძრის სიმძლავრიდან გამომდინარე ცეცხლის განზრახ გაჩენის ეჭვი არ აქვს.
დღეს, საღამოს 9 საათზე ბუნდოვანი საქმის ახალ დეტალებს პოლიტმეტრში გაიგებთ.
სასჯელი ინტერვიუს გამო
ბათუმის სააპელაციო სასამართლოში დღეს მოჭიდავე ფირუზ წულუკიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა იმ საქმეზეა ჩანიშნული, რომელზეც სასჯელი წულუკიძემ 2018 წელს უკვე მოიხადა.მისი პატიმრობისას სააპელაციო სასამართლომ პროცესი უვადოდ გადადო. სპორტსმენის განმარტებით, მუქარისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ მას უკვე სასამართლოს მეშვეობით უპირისპირდებიან. ის პროცესის გამართვას დროებაში გასულ სიუჟეტს უკავშირებს, სადაც ის აჭარის მთავრობის მხრიდან, უკანონო გარიგებით მის საარჩევნო პროცესში ჩართვაზე და ე.წ ზონდერ ჯგუფის შექმნაზე საუბრობდა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
ქვეყნის საგარეო უწყებამ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, ხოლო მათი საბანკო ანგარიშები - ასეთის არსებობის შემთხვევაში - გაიყინება. ადამიანის უფლებების დარღვევების გამო შავ სიაში რუსეთის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები მოხვდნენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სიაში პირველ რიგში ის პირები შეიყვანეს , რომლებიც სერგეი მაგნიტსკის წამებასა და მკვლელობასთან არიან დაკავშირებულები. რუსეთს მოქალაქეების გარდა, ბრიტანეთმა სანქციები საუდის არაბეთის 20 მოქალაქესაც დაუწესა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
958 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 838 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 202 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3903 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 540 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 58 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.