გრძელდება სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე
დღეს 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს და ამის შემდეგ 11:00 საათზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაგრძელდება.
"ლელოში" მიიჩნევენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს სასამართლო ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს. პარტიის წევრთა შეფასებით, ამ ყველაფრის მიზანი მათი ლიდერების აქტიური პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებაა. პარტია უახლოეს დღეებში სასამართლოს წერილობით მიმართავს იმის დასადგენად, არის თუ არა სასმართლო პრაქტიკაში სხვა საქმე, რომელიც ასეთი სწრაფი ტემპით განხილულა.
Საქსტატი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს და საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
Სასამართლო პროცესები და პრესკონფერენციები
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ანას ბაღთან დაკავშირებით ორი სასამართლო პროცესი გაიმართება და 12:00 საათსა და 14:00 საათზე მოსამართლე აქციაზე დაკავებულთა საქმეს განიხილავს. პროცესებს ლაშა ჩხარტიშვილი სოლიდარობის ნიშნად დაესწრება.
Შეგახსენებთ, 10 იანვარს გამართულ აქციაზე, სადაც ადგილობრივები და აქტივისტები ანას ბაღის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა და მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
Მენაბდიშვილი ისაუბრებს გავრცელებულ ინფორმაციაზე ბაზარზე ახალი ნარკოტიკული საშუალების გავრცელებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარებას განიხილავს.
11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას გააკეთებს და მიმოიხილავს ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებულ მოვლენებს. Ასევე სერგეი შამბას განცხადებას ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.
ამავე თემაზე შეხვდება ჟურნალისტებს „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავაც და დეპუტატიც სერგეი შამბას განცხადებას განიხილავს, რომელიც ქართულ მხარესთან დიალოგს გულისხმობს.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს ადამიანი, ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება გადაიღო
„ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს ადამიანი, რომელმაც გადაიღო ვიდეო და ასახა, როგორ ხვდება უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა. ლონდონში მომუშავე ირანელი ჟურნალისტის განცხადებით კი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო მოიპოვა და გამოაქვეყნა აცხადებს, რომ მისი წყარო ამ დროისთვის უსაფრთხოდაა.
ირანი გარკვეული პერიოდი ირწმუნებოდა, რომ უკრაინული თვითმფრინავი, რომლის ჩამოვარდნასასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მის რაკეტას არ ჩამოუგდია, თუმცა ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავს რაკეტა ხვდება, ირანმა აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა „ადამიანურ გადაცდომას“ და თვითმფრინავის „შემთხვევით“ ჩამოგდებას.