საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოიყვანეს
სპეციალური თვითმფრინავით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ამ ეტაპზე კორონავირუსის სიმპტომები არ უფიქსირდებათ, თუმცა ისინი 2 კვირას კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გაატარებენ. ყველა მათგანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია გაიარეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს შესაძლებელია ჰქონოდა შეხება ინფიცირებულ ადამიანებთან, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი სპეციალური ღონისძიებების გატარება.
ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 3 მოქალაქე მოათავსეს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანელი დედა და ორი შვილი მოათავსეს. პაციენტებს კორონავირუსზე კვლევები უტარდებათ. მათგან ერთს ტემპერატურის მატება აღენიშნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ირანში ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, საქართველოში შესაბამისი ზომები გატარდება.
ევროპული საქართველო რუსთაველის მეტროსთან აქცია-პერფორმანსს გამართავს
ოპოზიცია 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის მზადებას იწყებს. ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რუსთაველის მეტროსთან საინფორმაციო აქცია-პერფორმანსს მართავენ და მოქალაქეებს ფლაერებს ურიგებენ. ისინი გამვლელებს აქციის მნიშვნელობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
მორიგი აქცია ევროპული საქართველოს ოფისთან
ქართული ოცნების აქტივისტებმა ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ელენე ხოშტარიასგან სადეპუტატო მანდატის დატოვებას ითხოვდნენ იმის გამო, რომ მან საკანონმდებლო ორგანოში, უმრავლესობის დეპუტატებს, პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო. ხელისუფლების მიეს ორგანიზებული აქციის მონაწილეებს, რომელთაც პროტესტი არ ჰქონიათ რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტის გამო, ევროპული საქართველოს ოფისთან სტიკეტრები მიიტანეს წარწერით - „სიტყვით ევროპელი, საქმით ოკუპანტი“.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა
დღეს არჩილ ტატუნაშვილს გაიხსენებენ. დაგეგმილია მისი სახელობის სკვერის გახსნა. არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, მალევე გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. ოკუპანტები ირწმუნებოდნენ, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება.
ავღანეთიდან ასეული დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.