logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 25.11.2019

25 ნოე 201909:51
3 წუთის საკითხავი
 
q9q6g2keipvw05b.jpg

აქცია პარლამენტთან


ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. დღეს, 19:00 საათზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და 26 ნოემბერს პარლამენტის ხელახლა პიკეტირებას შეეცდებიან.
თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება აქცია "სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ" 18 ნოემბერს დაკავებულთა პირთა მხარდასაჭერად. სტუდენტები შემდეგ მსვლელობით შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან.

 

უმრავლესობის სხდომა

25 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება და ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარები
„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 25 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები. სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.
24 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას. დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდა შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ „პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა" თუმცა დეტალები, რომლებიც სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, არ დააკონკრეტა.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე საოკუპაციო ძალების პატიმრობაში იმყოფება

ვაჟა გაფრინდაშვილი მე-11 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია. გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს. ქართველი ექიმის ოჯახი და კოლეგები, გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი ექიმი, ომში დაშავებულებს ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა. 
ქართველი ექიმი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

 

განცხადებები დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრი კახა კოჟორიძე, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. კოჟორიძე ასევე, ისაუბრებს რეფერენდუმის გამართვის საკითხზე - არის, თუ არა რეფერენდუმი სიტუაციიდან გამოსავალი?

იაგო ხვიჩია, დღეს დაგეგმილი აქიის შესახებ განცხადებას გააკეთებს. „გირჩის" თავმჯდომარე „გირჩის" ახალი ინიციატივას გააცნობს საზოგადოებას, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ აღმოჩნდება.

 

ელენე ხოშტარია 18 ივნისს დაკავებულებს შეხვდება

დეპუტატი ელენე ხოშტარია, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, გიორგი რურუას და 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს მოინახულებს.

გიორგი რურუა 18 ივნისს დააკავეს და მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. 

 

„გაბედეს" აქცია-პერფორმანსი

მოძრაობა „გაბედე" რესპუბლიკის მოედანზე გამართავს აქცია-პერფორმანსს. დაიდგმება საკანი, რომელშიც მოთავსდება ბიძინა ივანიშვილის თოჯინა და ცხოველები.
აქიის დროს, დაანონსდება საღამოს დიდ მსვლელობასთან შეერთება.

 

„შეცვალა" წევრების სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 ნოემბერს, „ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციისას დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს" წევრების, ნიკა ფარულავას, ბექა პაპაშვილის და ოთარ შენგელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

 

20 ივნისის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

ხორავას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 


close დახურვა