logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 28.03.2020

28 მარ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 
7ida20iwo0cj6cf.jpg

კორონავირუსი 

საქართველო

კორონავირუსით კიდევ 2 პირი დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფექციის 85 შემთხვევაა დადასტურებული.

მძიმე რჩება 4 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ექიმების ინფორმაციით, მათგან 2-ის, მათ შორის ასაკოვანი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამ დროისათვის კლინიკაში 33 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

მთავრობის ვებ-გვერდზე (stopcov.ge) განთავსებულია 14 ოფიციალური გამოჯანმრთელების შემთხვევა.

ამჟამად, stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4641 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239.

მსოფლიო

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული (104 686), შემდეგ მოდის იტალია 86 498 შემთხვევით, ინფიცირებულთა რაოდენობით III ადგილზეა ჩინეთი (81 946 დაინფიცირებული), შემდეგ ესპანეთი (65 719-ზე მეტი პაციენტით).

აშშ-მ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გუშინ გადაასწრო. გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 14 800-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულია 1,707-ზე მეტი ადამიანი.

ახალი კორონავირუსით მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 600 000-ს მიაღწია. სიკვდილიანობის მაჩვენებებელი მსოფლიოს მასტაბით 28 000-მდეა გაზრდილი, ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამ მომენტისთვის 131 000-ს აჭარბებს.

ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში 0.19 პუნქტით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა:

1 აშშ დოლარი - 3.2896 ლარი
1 ევრო - 3.6232​ ლარი
100 რუსული რუბლი - 4.2168​ ლარი
1 თურქული ლირა - 0.5096​ ლარი

კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო აუქციონზე ათეულობით მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

საგზაო-სატრანსპორტო დარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია

გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით შსს-მ და საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება. მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებიან.

საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება.

ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს.

ავიარეისი ვარშავა-თბილისი

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთიდან კომერციული ავიარეისით ჩამოვლენ 

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დღეს ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ს ვარშავიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი აქვს დაგეგმილი. მათივე ცნობით, აღნიშნული რეისი შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

4 აპრილს კომპანია „ჯეორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს კომპანიის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისის თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ისევ დახმარებას ითხოვენ

დანიშნული სპეც რეისების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, სამშობლოში დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზით ისევ ვერ ახერხებს. რა გეგმა აქვს ხელისუფლებას მათ დასაბრუნებლად ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებითაა დანიშნული სპეც რეისები. არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia, ხელისუფლებას მიმართავს და მოქალაქეების დაბრუნების პროცესში დახმარებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულებას ხელი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა. 

საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 28 მარტიდან 20 აპრილამდე.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით კი აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, მათივე ცნობით, ვირუსის დასადგენად საჭირო 400 ტესტი რუსეთისგან  ახლახან მიიღეს.

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა

ჩრდილოეთ მაკედნია ნატოს 30-ე წევრი გახდა. გადაწყვეტილება ესპანეთის სენატმა დაამტკიცა. 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების ოქმს ხელი 2019 წლის თებერვალში მოაწერეს.

27 მარტს კი ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ნატოს ოჯახის წევრია.

ნატოს შტაბ-ბინაზე ჩრდილოეთ მაკედონიის დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიალი 30 მარტს გაიმართება.


close დახურვა