ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 29 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 საქართველოში
517 ინფიცირებული, მათგან 168 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.
უკვე 10 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით მომდევნო თვე ყველაზე კრიტიკული იქნება. პანდემიის გამო ქვეყანაში კვლავ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. აკრძალულია საქალაქთაშორისო მიმოსვლა.
დღეიდან 4 დიდი ქალაქი ისევ ჩაიკეტა. თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლა დილის 06:00-08:00 საათამდე, ხოლო ქალაქში დაბრუნება 18:00-19:00 საათამდე მხოლოდ სპეციალური საშვით შეძლებენ.
კორონავირუსის ტესტები
საქართველოში სპეცრეისით ტესტები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა. 40 ათასი PCR ტესტი ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა, ხოლო 20 ათასი ანტისხეულის ტესტი საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. ამავე რეისით ჩამოიტანეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტები მიზნობრივ ჯგუფებს მოხმარდება, მათ შორის კარანტინში მყოფ პირებსა და კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს.
დღეიდან მთავრობა კორონავირუსზე აგრესიულ ტესტირებას გეგმავს, რომელშიც საზოგადოების კონკრეტული ჯგუფები - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ჩაერთვებიან. ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მიზნობრივი ჯგუფები კიდევ უნდა გაიზარდოს და საზოგადოების მასობრივი ტესტირება დაიწყოს.
პრეზიდენტის განცხადება
საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლებას მიანიშნებს, რომ სააკაშვილის დანიშვნა ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
„ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა, შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება," - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.
80 ლარიანი ხელფასი
სოციალური აგენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები მოქალაქეების მდგომარეობას აფასებენ, შემწეობას უკვე თავად საჭიროებენ. აპრილის თვეში სოციალურ აგენტებს ხელფასის სახით 80 ლარი ჩაერიცხათ. ამ ფაქტს უკვე მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა.
„სოლიდარობის ქსელი" სოციალური აგენტების ხელფასის მომატებას ითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ფორმალურად დასაქმებულებად ითვლებიან, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ 200-ლარიან დახმარებასაც ვერ მიიღებენ. სოციალურ აგენტებს ერთთვიანი ხელშეკრულებები უფორმდებათ, ამის გამო ისინი სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარ პრობლემებზე ღიად ვერ საუბრობენ.
დაკავებული სასულიერო პირი
სასულიერო პირებს შორის მომხდარ კრიმინალურ გარჩევაზე გორის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წინამძღვარი ბრალს არ აღიარებს, პროკურატურა კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, დაპირისპირება საულიერო პირებს შორის 22 აპრილს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. არქიმანტრიტმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.
COVID-19 მსოფლიოში
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 218 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფექცია უკვე დაუდასტურდა 3,1 მილიონზე მეტ ადამიანს. ჯამში ვირუსი დაამარცხა 956 ათასზე მეტმა პაციენტმა. ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებული 57 ათასამდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. აქ ბოლო 24 საათში COVID-19-ს 2 470 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რიცხვი 59 ათასს აჭარბებს. მხოლოდ ნიუ იორკში კორონავირუსით 17 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. შტატებში გუშინ ინფექცია კიდევ 25 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურთა, რითიც სერთო რიცხვმა 1 მილიონ 35 ათასს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, რიგ შტატებში ნაწილობრივ უკვე მოხსნილია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. უახლოეს დღეებში გახსნისკენ პირველი ნაბიჯებს ასევე გადადგამენ ტეხასში, ვირჯინიაში, მონტანასა და ვისკონსინში.
საფრანგეთში გასული დღის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 2 638 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ კორონავირუსით დაავადებული მხოლოდ 367 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთში უკვე გაიხსნება მაღაზიების ნაწილი, მოსახლეობა გარეთ გასვლას სპეციალური საშვების გარეშე შეძლებს. თუმცა ძალაში შედის ახალი რეგიულაციებიც. 11 მაისის შემდეგ სკოლებსა და ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება.
ჩინეთში კორონავირუსის ამდროისთვის აქტიური შემთხვევები მხოლოდ 648-ს შეადგენს. ქვეყანაში 82 836 ინფიცირებულიდან 77 555 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 633 გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში აქ კოვიდინფექციით გამოწვეული გარდაცვალება არ დადასტურებულა, ინფექცია კი მხოლოდ 22 ადამიანს გამოუვლინდა.
ტერაქტი სირიაში
46-მდე გაიზარდა ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სირიის ქალაქ არფინში. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 61 ადამიანი. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა საწვავის გადამზიდი მანქანა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას ააფეთქეს.
დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები არიან. ოფიციალური ანკარა თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ქურთების სახალხო თავდაცვის დანაყოფებს და ქურთ მუშათა პარტიას აკისრებს. ტერაქტი უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა.