logo
ENG



ამერიკა უკრაინას ახალ სარაკეტო სისტემას გადასცემს

01 ივნ 202209:32
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა უკრაინას "მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას" მიაწოდებს, რადგან უკრაინის ომი რუსეთთან ისევ გრძელდება.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანია "ნახოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც აქვს საშუალება, შეაკავოს და დაიცვას თავი შემდგომი აგრესიისგან".

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ახალი იარაღი უკრაინულ მხარეს საშუალებას მისცემს უფრო ზუსტად ამოიღოს მიზანში ობიექტები ბრძოლის ველზე.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა არ აპირებს პირდაპირ ჩაერთოს ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ.

" ჩვენ არ ვეძებთ ომს NATO-სა და რუსეთს შორის. რამდენადაც მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღშფოთებას იწვევს, შეერთებული შტატები არ შეეცდება მოსკოვში მის ჩამოგდებას. მანამ, სანამ შეერთებულ შტატებს ან ჩვენს მოკავშირეებს თავს არ დაესხმებიან, ჩვენ არ ვიქნებით უშუალოდ ჩართული ამ კონფლიქტში, არც ამერიკული ჯარების გაგზავნით უკრაინაში საბრძოლველად, არც რუსეთის ძალებზე თავდასხმით."

ბაიდენის თქმით ამერიკის შეერთებული შტატები არ აძლევს უკრაინას ქვეყნის საზღვრებს მიღმა იერიშის მიტანის უფლებას.

ასევე, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ამჟამად ვერ ხედავენ იმის საშიშროებას, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში, თუმცა ბაიდენის თქმით, "რუსეთის მხრიდან ამაზე დროდადრო საუბარი თავისთავად საშიში და უკიდურესად უპასუხისმგებლოა".


close დახურვა