ამერიკელი ექიმის, შაჰინ ლახანის განცხადებით, სააკაშვილს აქვს კრუნჩხვები, რამაც პაციენტი, შესაძლოა, უცებად სიკვდილამდე მიიყვანოს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. ამის შესახებ კალიფორნიელმა ნევროლოგმა დღეს სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
"სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნის სიკვდილის საფრთხეს. ამ მხრივ საყურადღებოა კრუნჩხვები, რომელმაც შეიძლება, მიიყვანოს პაციენტი უცბად სიკვდილამდე, თუ არ იქნება სწორი მკურნალობა. ამის საფრთხე არსებობს, რადგან მას არ უტარდება სწორი მკურნალობა.
რაც შეეხება დემენციას, მისი მდგომარეობა მძიმდება სწრაფად, დემენცია იწვევს მის ყოველდღიური აქტივობის დარღვევას. ბოლო 8 თვის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად და სწრაფად დამძიმდა, ვინაიდან მას სწორი მკურნალობა არ უტარდება, მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მკურნალობა არის არაადეკვატური", - განაცხადა ექიმმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის და ჩამოთვალა ექსპრეზიდენტის დიაგნოზები. კერძოდ, ექიმმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს აქვს დემენცია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. მისივე თქმით, სააკაშვილს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომას, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ, ექსპრეზიდენტი ვერც დისტანციურად, ვერც ფიზიკურად ესწრება.
კლინიკა ვივა მედის ადმინისტრაციამ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილების ნებართვა არ გასცა.
მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
***
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.