logo
ENG



ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები - ამ დროის მონაცემებით, მარათონში ჯო ბაიდენი ლიდერობს

04 ნოე 202011:50
3 წუთის საკითხავი
 
da68jlh47ya3x2r.jpg

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეები რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტს აირჩევენ. პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი არიან. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად აშშ-ში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებიც იმართება. 

ამ დროის მონაცემებით, საპრეზიდენტო მარათონში დემოკრატი ჯო ბაიდენი ლიდერობს, მას 220 საარჩევნო დელეგატი ჰყავს მოგროვებული, დონალდ ტრამპს კი 213.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ტარდება. აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია (electoral collage), რომელიც თითოეულ შტატში არჩეული წარმომადგენლებისაგან შედგება. საარჩევნო კოლეგიაში სულ 539 წევრია, შესაბამისად ამერიკის პრეზიდენტი გახდება ის კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში 270 დელეგატს მოაგროვებს. 

ყველა შტატს სხვადასხვა რაოდენობის დელეგატი ჰყავს, მოსახლეობის ზომის მიხედვით. მაგალითისთვის, კალიფორნიის შტატს 55 საარჩევნო დელეგატი ჰყავს, მიჩიგანს 16, მონტანას კი 3. 

თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების ბედს, როგორც წესი, მერყევი შტატები წყვეტენ. მყარად რესპუბლიკური, ან დემოკრატიული შტატების მიღმა, არსებობენ შტატები, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის კანდიდატს უჭერენ მხარს, მაგალითად 2020 წლის არჩევნებისთვის ნავარაუდევია, რომ მერყევი შტატებიდან გადამწყვეტი იქნება: არიზონა, ფლორიდა, ჯორჯია, აიოვა, მიჩიგანი, მინესოტა, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, პენსილვანია და ვისკონსინი

ამ დროის ვარაუდებით, ბაიდენს მერყევი შტატებიდან მინესოტა აქვს მოგებული, ტრამპს კი - ოჰაიო. 

გლობალურმა პანდემიამ საპრეზიდენტო მარათონი მნიშვნელოვნად შეცვალა. გარდა იმისა, რომ კანდიდატებს ვირტუალურ ჩართვებში მონაწილეობა, საარჩევნო შეკრებებისა და პარტიული ყრილობების გაუქმება და საპრეზიდენტო დებატების არაერთხელ გადადება მოუწიათ, 2020 წელს რეკორდულად ბევრი ამერიკის მოქალაქე ადრეული ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს. მათი ნაწილი პერსონალურად, ნაწილი კი მეილის საშუალებით აძლევს ხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება შეიძლება გაჭიანურდეს. 

გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს შედგება. დემოკრატი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკას ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი ეყოლება. ბაიდენი ინაუგურაციისთვის 78 წლის იქნება. მისი გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკელი ხალხი 28 წლის განმავლობაში პირველად გადაირჩევს პრეზიდენტს პირველივე ვადის შემდეგ. ბოლოს მსგავსი პრეცენდენტი 1992 წელს მოხდა, როდესაც დემოკრატმა ბილ კლინტონმა პირველი ვადის შემდეგ დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში. 

ასევე ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს პირველად ეყოლება ქალი ვიცეპრეზიდენტი. ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატი კამალა ჰარისია

ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ინაუგურაციისას იქნება ყველაზე მხცოვანი ამერიკის ისტორიაში. ტრამპი 2021 წლის 20 იანვარს 74 წლის იქნება. 

 


close დახურვა