დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსზე ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაიკეთა. გამრელიძე მაისში სინოფრამის ვაქცინით აიცრა, ახლა ე.წ. ბუსტერად ფაიზერი აირჩია.
"სპეციალურად გავიკეთე ფაიზერით, რადგან ბევრი მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ფაიზერი რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, დაშვებული იყო ექვსთვიანი ვადა. ასევე იცით, რომ ფაიზერი ინახება -60-დან -80 გრადუსამდე და იქიდან გამოლღობის შემდეგ ხუთ დღეში უნდა გამოგეყენებინა ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. ამის შემდეგ ფაიზერმა და მარეგულირებლებმა შეცვალეს რეკომენდაციები და ფაიზერს ვადა აქვს უკვე ცხრა თვე მისი გამოშვებიდან თუ ის ინახება -60-დან -80 გრადუსამდე ტემპერატურაზე, გამოლღობის შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში ჩვეულებრივად მაცივრის ტემპერატურაზე", - განაცხადა გამყრელიძემ.
აცრის ბოლო დოზიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზით აცრა შეეძლება ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ყველა 18 წელს გადაცილებულ ადამიანს.
მათ, ვინც აიცრა სინოფარმით ან სინოვაკით, შეუძლია გაიკეთოს კვლავ სინოფარმის ან სინოვაკის ბუსტერ დოზა ან ფაიზერის ვაქცინა აირჩიოს ბუსტერ დოზისთვის.
რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილებს, მათ 6 თვის შემდეგ დამატებით შეუძლიათ გაიკეთონ ასევე ფაიზერის ბუსტერ დოზა, ხოლო ფაიზერით აცრილებისთვის რეკომენდებულია ბუსტერ დოზადაც ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, ბოლო აცრიდან 6 თვის შემდეგ.
60 წელს გადაცილებულ სინოვაკით და სინოფარმით აცრილ ადამიანებში, გამონაკლისის სახით ბუსტერ დოზით ვაქცინაცია დაშვებულია ბოლო აცრიდან 3 თვის შემდეგ.