ხელისუფლებამ ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანების კორონავირუსზე შემოწმებას დაიწყებს. აეროპორტში მგზავრებს ტემპერატურას შეუმოწმებენ. პროცესი დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჩინეთიდან დაგეგმილი დღევანდელი რეისი გაუქმებულია. არ შესრულდება არც 27 იანვარს დაგეგმილი ფრენა.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლის, ამირან გოგიტიძის თქმით, ჩვენი ქვეყანა არის დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა სიაში, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარება აუცილებელია და სწორედ ამიტომ დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ მგზავრების შემოწმება.
„როგორც ხედავთ, აეროპორტში დაიწყო ვირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება. მგზავრები მოწმდებიან რისკის მქონე ქვეყნებიდან და მათ სინჯავენ, აძლევენ რეკომენდაციებს. ჩვენ ვართ დაბალი რისკის ქვეყნების სიაში, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. ცალსახად ეს ღონისძიებები არაა დაგვიანებული და შემოწმება ხდება ადეკვატურ რეჟიმში, ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. არა თუ პანდემიაზე, ეპიდემიაზეც არაა საუბარი. ჩვენ ვიღებთ პრევენციის მაღალ ზომებს“, - აცხადებს ამირან გოგიტიძე.
საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდია „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების რეგიონში მცხოვრები სამივე ქართველი უსაფრთხოდაა. მისივე თქმით, ჩინეთიდან წამომსვლელი ყველა მგზავრი მოწმდება და ამიტომ პანიკის საშიშროება არ არსებობს.
„ჩემი ინფორმაციით, დღეს არის ჩინური ახალი წელი და როგორც ვიცი, რეისები ისედაც ჩერდება. მიღებულია სპეციალური ზომები ჩინეთის აეროპორტებში. არ ნიშნავს, რომ რისკი არ არსებობს, მაგრამ აქედან წამომსვლელი ყველა მოწმდება. იმ ქალაქში არის სულ სამი მოქალაქე ჩვენი და მათი მდგომარეობა არის კარგი - ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ არ არსებობს არანაირი ცნობა“, - აცხადებს არჩილ კალანდია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს უწყებათაშორის აქტიური მუშაობა იმ მითითებების მიხედვით, რასაც ქვეყნებს კარნახობს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია.
„ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია და მიმდინარეობს მუშაობა. აქცენტი კეთდება ჰიგიენის ნორმების დაცვაზე. რისკის ზონებიდან შემოწმდებიან მგზავრები ისე, როგორც გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, მგზავრების შემოწმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ სწორედ ასეთი რჩევები გასცა.
„რეკომენდირებულია ე.წ. თერმული სკრინინგი. დღეს გადაწყდა, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციურ თერმომეტრებს და ჩინეთიდან მომავალ მგზავრებს გაესინჯებათ ტემპერატურა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. როგორც „ფორმულას“ განუმარტეს, თუკი რომელიმე მგზავრს ექნება კორონავირუსის სიმპტომები, ის გადაყვანილი იქნება ინფექციურ საავადმყოფოში.
ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე მიღებულია საგანგებო ზომები, ხოლო ვირუსის გავრცელების რეგიონში კარანტინია გამოცხადებული.