"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი არის ქართული საზოგადოების გასაღები აფხაზ ხალხთან ურთიერთობაში.
როგორც ხაზარაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ანაკლიის პორტისა და ქალაქის პროექტი საშუალებას აძლევს საქართველოს, შავ ზღვაში უნიკალური კარიბჭე გახსნას.
„ღმერთმა მოგვცა უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, მოგვცა უზარმაზარი ინტელექტუალური ძალა, რომელიც არის გაფანტული ქვეყნის გარეთ და შიგნით - ამას ვეძახით ჩვენ ტალანტების შეკრებას. ყველა დარგს სჭირდება ავანგარდი - მათი შეკრება უნდა მოხდეს, მათი უცხოეთიდან დაბრუნება უნდა მოხდეს. საქართველოს ანაკლიის სახით აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს კარიბჭე გახსნას. იაპონელებთან დამთავრებული გვაქვს ქალაქისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის გენგეგმა და მთელი ეს დოკუმენტაცია გააკეთა მსოფლიოში ნომერ პირველმა საინჟინრო კომპანიამ, იაპონურმა კონგლომერატმა. რატომ ავარჩიეთ იაპონელები? - შევისწავლეთ 100 საწარმო და მივაგენით მათ მიერ გაკეთებულ ზონას კამბოჯაში და ტაილანდში. ეს არის წარმოუდგენელი რამ - მათ ძალიან მცირე დროში მოახერხეს ადგილობრივების გადამზადება. თან უნდა აღინიშნოს, რომ კამბოჯას doingbusiness-ში აქვს 110-ე პოზიცია, ჩვენ ვართ მერვეზე. კორუფციის ძალიან მაღალი დონეა კამბოჯაში, შედარებაც არ შეიძლება ამ ორი ქვეყნის. ანაკლია არაა მხოლოდ პორტი - ეს არის გასაღები ჩვენი აფხაზებთან ურთიერთობის. სხვა მოტრიალების წერტილი არ გაგვაჩნია ახლა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.