მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც „ფორმულამ“ კითხვები დაუსვა, ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკა ქვეყნის იმიჯს აზიანებს. მოსახლეობა რომ ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა, ამას „იპსოსის" კვლევაც ადასტურებს. გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ მთავრობა კრიტიკას უგულებელყოფს, აქედან 81 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის იმიჯს აზარალებს.
თუმცა ხალხის ხმა „ქართულ ოცნებას" არც ამჯერად ესმის. ივანიშვილის გუნდი კვლევის შედეგებს, რომელიც მათთვის უსიამოვნოა, უნდობლობას უცხადებს. რაც შეეხება პასუხს ამერიკელების კრიტიკაზე - ტონიც და პოზიციაც უცვლელია.
კრიტიკული წერილების ადრესატს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. მან ამერიკიდან უკვე 5 მწვავე გზავნილი მიიღო. ხუთივე შემთხვევაში „ოცნებამ" თქვა, რომ ეს ცალკეული პირების მოსაზრებებია და ამერიკის მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს. მმართველმა გუნდმა თავის გადარჩენა ვერც წერილების დამალვით შეძლო.
ოპოზიცია ამბობს რომ „ოცნება" აგონიაშია. ხელისუფლებას გადადგომისკენ ყოფილი თანაგუნდელებიც მოუწოდებენ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეშფოთებული კონგრესმენებისა და სენატორების რაოდენობა გაიზრდება. ვითარებას კი განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ რეაქცია ამწვავებს. ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რეალური ცვლილებები დაიწყოს.
თუმცა „ქართული ოცნების" რეალური ნაბიჯი ისევ საპასუხო ვიზიტის მომზადებაა. საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში თებერვალში ჩავა იმ იმედით, რომ შეშფოთებული კონგრესმენებისა და სენატორების გადარწმუნებას შეძლებს. პარტიის გეგმამ ერთხელ უკვე ვერ გაამართლა - მაშინ, როდესაც დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით ამერიკაში იმყოფებოდა.