მამა ანდრია სარია მისი მღვდელმსახურებიდან შესაძლო განკვეთის შესახებ აცხადებს, რომ დასჯა ყოველთვის გამოსავალი არ არის.
მღვდელ-მონაზონის თქმით, მისი განცხადებები მიზნად არავის შეურაცხყოფას არ ისახავს.
მისივე განცხადებით, ეპარქიული კომისიის სხდომაზე საპატრიარქოს განმარტებები მისთვის გაუგებარი იყო.
„ბოლო დროინდელ განცხადებებზე მათ უნდოდა ჩემი ახსნა-განმარტების გაგება. ვფიქრობ, მწვავე განცხადებები, როგორც ყოველთვის, სიახლე არ იყო. ამ ფონს შეუძლებელია თან არ ახლდეს ეს და არავის შეურაცხყოფას ეს მიზნად არ ისახავს. დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი. ბოლო ნაწილში განმარტებები გაუგებარი იყო ორივე მხრიდან, ჩემი მხრიდანაც, მათთვის მიუღებელი იყო და მათი არგუმენტები ჩემთვისაც ცოტა შეუწყნარებელი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რაღაც კონსენსუსამდე მივალთ", - აცხადებს ანდრია სარია.
მამა ანდრია სარია, შესაძლოა, მღვდელმსახურებიდან განკვეთონ. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, ანდრია სარიას შესაძლო განკვეთის მიზეზი, "მისი შეურაცხმყოფელი განცხადებებია". ჯაღმაიძის თქმით, სარიას განკვეთის შესახებ ეპარქიული კომისიის სხდომა მიიღებს დასკვნას, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა.
მანამდე, 31 მარტს მღვდელმონაზონი ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს, მიზეზად კი, მის მიერ გაკეთებული "საჯარო შეურაცხმყოფელი განცხადებები“ დაასახელდა.
მღვდელმონაზონი საპაატრიარქოს აქტიურად აკრიტიკებს. მასსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ დაიძაბა.