„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საკომენდანტო შტაბად არის გადაქცეული, რომლის ქმედებებშიც წინასაარჩევნო კამპანია შეინიშნება. მისივე განცხადებით, თუ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნელ-ნელა არ მოხდება, ქვეყნა მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდება.
„მთავრობა, სამწუხაროდ, გადაქცეულია საკომენდანტო შტაბად, რომელიც დაკავებულია საკომენდანტო ფუნქციებით, საკუთარი თავის გაპიარებით და კარგად შეინიშნება წინასაარჩევნო კამპანიის ღია ნიშნები. მთავრობა ვერ აყალბებს ვერანაირ გეგმას, როდის უნდა გაიხსნას ეკონომიკა. უკვე მოსახსნელია მთელი რიგი შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავდგებით ისეთი მძიმე რეალობის წინაშე, რომ რეანიმაცია შეუძლებელი იქნება მთელი რიგი ეკონომიკური დარგებისა ჩვენს ქვეყანაში.
პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კი ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ალოგიკურია და მათი აღსრულება შერჩევითად ხდება. მისივე განცხადებით, ამ შეზღუდვების შედეგი ეკონომიკის გაჩერება და პოლიტიკური ცხოვრების გაყინვაა.
„დაწესებული შეზღუდვები აღსრულდა ძალიან შერჩევითად. დაწესდა შეზღუდვები, რომლებსაც არანაირი ლოგიკური კავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად აღარ აქვს. შეზღუდვები დაწესებულია შეზღუდვებისთვის, მისი შედეგი არის ეკონომიკის გაჩერება და პოლიტიკური ცხოვრების გაყინვა. ჩნდება კითხვა რა არის ხელისუფლების მოტივაცია. ხომ არ არის სხვა მოტივაციები ამ ყველაფერი მიღმა და კორონასთან ბრძოლის საფარქვეშ, ხომ არ ხდება ქვეყნის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო დასუსტება“, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.