logo
ENG



ანზორ მელია: ევროკავშირმა ნიკა მელია ტყვეობიდან გამოისყიდა

10 მაი 202116:32
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია რუსთავის ციხესთან იმყოფება, საიდანაც მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გაათავისუფლონ. 

როგორც ფორმულას ანზორ მელიამ განუცხადა, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მელია ოჯახში დაბრუნებას შეძლებს. მისივე თქმით, ევროკავშირმა გირაოს გადახდით ნიკა მელია ტყვეობიდან იხსნა. 

"დღეს სულ სხვა დღე, რადგან ნიკა თავისუფლდება. ევროკავშირმა ნიკა მელია ტყვეობიდან გამოისყიდა. ეს ჩემთვის, როგორც მშობლისთვის სასიხარულოა. ვიცი, რომ ნიკა იჯდა უდანაშაულოდ ციხეში. მან ციხეში ჩაჯდომით გააშიშვლა ეს მთავრობა და პარლამენტი. პარლამენტმა პროკურატურას 2-ჯერ დართო ნება რომ ნიკა დაეჭირა, მაგრამ სიმართლე არ იმალება. ღმერთი არსებობს და ნიკა დღეს თავისუფალი იქნება...

დამისახელოს მთავრობამ ერთი შემთხვევა მაინც რომ ევროკავშირს გადაეხადოს თაღლითისათვის ან ქურდისთვის გირაო. ეს არ არის გირაო - ეს არის გამოსასყიდი ტყვეობიდან. გამოსასყიდს მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს უხდიან", - განაცხადა ანზორ მელიამ. 

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა