logo
ENG



ანი წითლიძე და ახალი საკრებულოს წევრები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აქციას მართავენ

28 ნოე 202115:17
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებთან ერთად აქციას მართავს.

ისინი სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შსს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. ანი წითლიძემ პოლიციის სამმართველოს "სიმბოლურ საჩუქრად" ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიუტანა.

„ჩვენ სიმბოლურად მოვუტანეთ ზუგდიდის პოლიციას საჩუქარი, ვის დავალებასაც ისინი ასრულებენ. იმიტომ რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, გვაჩვენა კიდევ ერთხელ, რომ ზუგდიდის პოლიცია იცავდა არა ზუგდიდელების ინტერესებს, არამედ იცავდა ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის და ერთი კონკრეტული პარტიის ქართული ოცნების ინტერესებს, როდესაც უკანონოდ გამოათრია საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ჯერ მოშიმშილეები და შემდეგ გუშინ ათრია საკრებულოს არჩეული წევრები, საკრებულოს სხდომიდან და დააკავა ისინი. ამიტომაც ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ მათ აქ ეკიდოთ არა სახელმწიფოს გერბი, იმიტომ რომ ისინი არ ემსახურებიან სახელმწიფოს, არამედ ბიძინა ივანიშვილის ეს ფოტო „ოპერაცია ნახვაწას“ ღირსეულად შესრულებისთვის“ - აცხადებს, ანი წითლიძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრი სამმართველოს შენობასთან ახალი საკრებულოს 4 წევრთან ერთად მივიდა. ის ამბობს, რომ შენობასთან მობილიზებული დახვდათ პოლიცია. წითლიძის თქმით, ეს ხელისუფლების პანიკაზე მიუთითებს.

***

ზუგდიდის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ, 26 ნოემბერს, პროტესტის ფონზე დაამტკიცა

ოპოზიციის განცხადებით, ახალი საკრებულო მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია.

ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდა ანი წითლიძეც. ის ზუგდიდის საკრებულოს წინ პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა. წითლიძის თქმით, მას პოლიცილებმა თითი მოსტეხეს და ოპერაცია დასჭირდება. 

 


close დახურვა