ანტირუსული წარწერები, რომლებიც აქტივისტებმა პარლამენტთან გუშინ გააკეთეს, წაშლილია.
წარწერები აქტივისტებმა გუშინ რკინის დროებით ღობეზე გააკეთეს, ისინი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავა, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლის დარღვევას ედავებიან. კერძოდ, 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
კიდევ ერთ აქტივისტს, ფორმულას გადაცემა პლატფორმის წამყვანს, თათუშა არველაძეს კი პოლიციამ ჯერ კარებში ხელი მოაყოლა და დააზიანა, შემდეგ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება მის მიმართაც დაიწყო.
ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ნოემბერს დისტანციურად შედგა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად".
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა.
მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ უარყო, რომ რუსეთის წარმომადგენელთან, გრეგორი კარასინთან 20 ივნისის საკითხი განიხილა. მისი თქმით, ის, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ამ საკითხზე წერია, მათივე ინტერპრეტაციაა.
2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში "პროვოკაციის უარყოფით შედეგებში" სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს.