logo
ENG



ანტონიო გუტიერესი: პანდემიის გამო მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის ფაქტებმა იმატა

14 მაი 202012:12
3 წუთის საკითხავი
clock 571

„იმის პროგნოზირება, თუ როდის დაიხევს უკან კოვიდ 19 შეუძლებელია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საუბრობენ. ორგანიზაციის მაღალჩინოსნების თქმით, ვაქცინის გამოგონების შემთხვევაშიც კი მსოფლიოს მასშტაბით მისი ეფექტიანი დანერგვისთვის „მასიური ძალისხმევა“ იქნება საჭირო. 

„როგორც ხედავთ, ქვეყნები ცდილობენ იპოვონ გზა ნორმალური ცხოვრების აღასდგენად და ამ გზაზე ძალიან, ძალიან დიდხანს ვიქნებით. როგორც უკვე ვნახეთ, ზოგ ქვეყანაში დაავადების სულ მცირე რეციდივებსაც კი დასჭირდა სერიოზული პასუხი საჯარო ჯანდაცვის კუთხით. ვფიქრობ უნდა ვიფრთხილოთ და მზად უნდა ვიყოთ გამოწვევებზე პასუხისთვის“, განაცხადა ჯანმოს საგანგებო პროგნოზების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.

გაეროში კი პანდემიის შედეგებზე საუბრობენ. კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, პანდემიის გამო მსოფლიოში  ფსიქიკური აშლილობის ფაქტებმა იმატა. გაეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა იზოლაციამ, შიშმა, გაურკვევლობამ და ეკონომიკურმა არამდგრადობამ გამოიწვია.

„ფსიქიკური ჯანმრთელობა კაცობრიობის საყრდენია. ის საშუალებას გვაძლევს მდიდარი და სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვროთ და საზოგადოების წევრები ვიყოთ, თუმცა კოვიდ 19 მხოლოდ  ფიზიკურ კი არა, ფსიქოლოგიურ ტკივილსაც გვაყენებს. მწუხარება ახლობლების დაკარგვის გამო, ნერვიულობა უსამსახუროდ დარჩენის, იზოლაციის, გადაადგილების შეზღუდვის გამო, რთული ოჯახური ურთიერთობები, მომავლის მიმართ შიში. ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის ხშირია დეპრესია და შფოთვა“, - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან კორონავირუსის მსხვერპლთა პატივსაცემად 2500 თეთრი ვარდი მიიტანეს. 84 ათასს გადააჭარბა გარდაცვალებულთა რაოდენობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის მიუხედავად, რამდენიმე შტატში კვლავ მსუბუქდება პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული ნორმები. ქვეყნის პრეზიდენტი ეკონომიკის გახსნაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ენტონი ფაუჩის აკრიტიკებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის „გამოსაფხიზლებელი გაფრთხილება“, პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების ნაადრევად მოხსნის შესახებ, მიუღებელია. 

საფრანგეთის დასავლეთით სანაპიროები გაიხსნა. ბოლო ორ თვეში პირველად მისცეს მოსახლეობას სანაპიროზე გასეირნების უფლება. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზომების შემსუბუქების მიუხედავად, გამოწვევა კვლავ მძიმეა  და მთავარი ახლა პანდემიის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან არიდებაა. 

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კი, რომელიც კორონავირუსის კერად იქცა, მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას იწყებენ. პანდემიის მეორე ტალღის საფრთხის გამო, ანალიზს 11 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქში დაავადებულთა ახალი კლასტერები გაჩნდა.


close დახურვა