გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავის განცხადებით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ფეხბურთელის სიკვდილი 18-19 ივნისის ღამეს არ დადგა.
მირიან ნიკოლაძის თქმით, არაპროფესიონალი ექსპერტების მიერ ამ საკითხზე საუბარი ვერ იქნება სერიოზულად აღქმული.
„ვერ აღვიქვამთ სერიოზულად ამ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ არ არის ეს სერიოზული საკითხი. დასაბუთებებზე არ არის ლაპარაკი. ადამიანი, რომელიც არ არის ექსპერტი და არ უნახავს ცხედარი - ეს იგივეა, მე გელაპარაკოთ ბირთვულ ფიზიკაზე და ნეირობიოლოგიაზე", - ამბობს მირიან ნიკოლაძე.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, „დროებასთან" საუბარში ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.
მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს - იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღენიშნებოდეს.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.
ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გადაკვალიფიცრდა გამოძიება და დაემატა ახალი მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა, ამ მუხლით ბრალი ჯერ არავის წარდგენია.
გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.