წითელი ხაზების გადაკვეთისთვის საქართველო, შესაძლოა ევროკავშირთან პარტნიორობის სხვა ეტაპზე გადავიდეს - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ბრიუსელიდან შეახსენა ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ ევროპელი პარტნიორები ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგისას პროგრესსაც ხედავენ და იმახსოვრებენ იმ ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, რაც ევროპულ დემოკრატიას ემიჯნება.
„როცა დეკემბერში ევრონესტის ასამბლეა ჩატარდა საქართველოში, შევხვდი ბიძინა ივანიშვილსაც. გზავნილი მარტივი იყო - ნუ ცდილობთ, გაგვიზიაროთ ფანტაზიები, რომ საარჩევნო ცვლილებების ჩავარდნა შიდაპარტიული დემოკრატიის გამოვლინება იყო. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს მეტი მეტისთვის ან ნაკლები ნაკლებისთვის. არ მინდა საქართველო გახდეს იმის მაგალითი, თუ როგორ ხდება ქვეყანა ნაკლები ნაკლებისთვის ფორმატის წარმომადგენელი", - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
თუ „ქართული ოცნება“ ოპონენტების დევნას და დემოკრატიის უკუსვლას გააგრძელებს, ევროკავშირთან „მეტი მეტისთვის“ ფორმატის ნაცვლად, საქართველო „ნაკლები ნაკლების“ ფორმატში აღმოჩნდება. ეს გაფრთხილება ისმოდა დღეს ქართული არასამთავრობოებისა და სამოქალაქო მოძრაობების მონაწილეობით ბრიუსელში გამართულ დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაც ძალიან სიმბოლურია - „ოცნების დასასრული - დემოკრატიისთვის ბრძოლა საქართველოში".
„საჭიროა ზეწოლა ქართული საზოგადოების მხრიდან, რომ მათ სჭირდებათ პროპორციული არჩევნები. მეორე მხრივ კი საჭიროა ზეწოლა საქართველოს მეგობრების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვნახავთ ავტორიტარულ რეჟიმს", - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს უნდა პროპორციული არჩევნები და ამის მისაღწევად საქართველოს მეგობრების მეტი ჩართულობაა საჭირო.
„საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო რეგიონში - ახლა სახეზეა ხელისუფლების მიტაცება. აშკარად ვხედავთ სვლას რუსეთისკენ, რაც ძალიან გვაღელვებს. არ გვინდა ქართველმა ხალხმა გამოსცადოს რას ნიშნავს ნაკლები ნაკლებისთვის. მკაფიო უნდა იყოს, რომ სამიზნე არ იქნება ქართველი ხალხი", - განაცხადა გიორგი ონიანმა.
„ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმა კი სასამართლოში არსებულ პრობლემებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ჩვენ არ გვაქვს მიუკერძოებელი სასამართლო. იუსტიციის საბჭომ სამ თვეში შეარჩია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატები. აშკარაა ისიც, რომ უგულავას საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. თადუმაძე არ უნდა ყოფილიყო მოსამართლე ამ საქმის, რადგან ის საქმის პროკურორიც იყო", - განაცხადა სოფო ასათიანმა.
„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა კი აქციების ორგანიზებისა და საზოგადოების ჩართულობის შესახებ ისაუბრა.
„საპროტესტო აქციები ძალიან განსხვავებული იყო. პირველად გახდა საზოგადოება მოთამაშე. პარტიები მოდიოდნენ ხალხის ორგანიზებულ აქციებზე. ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი მშვიდობიანი მეთოდებია", - თქვა დიღმელაშვილმა.