უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილის შეჩერებაზე საუბარი „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის შედეგია.
როგორც თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, ყოფილმა თანაგუნდელებმა არ მოისმინეს სხვების რჩევები, რომ მათ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვებოდა კონკრეტული შედეგები - სწორედ ამან გამოიწვია დაფინანსების შემცირებაზე საუბარი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან.
„მე არ მახსენდება სხვა შემთხვევა, როცა კონგრესს დაეყენებინოს შეჩერების ინიციატივა. რაც კონგრესიდან ინიცირდება, შეეხება თანხის გაზრდას. ჩანაწერს თუ ჩახედავთ, ის არის ჯერ კანონპროექტი და შემდეგ გახდება კანონი. მივიღებთ რას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ექნება ვალდებულება სენატს და კონგრესს მიაწოდოს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა საქართველოში ანტიკორუფციული, სასამართლოს კუთხით.
თვეების განმავლობაში ხელისუფლება ამბობდა, რომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას ამბობენ პოლიტიკოსები, კონგრესი - მნიშვნელოვანია, რას იტყვის სახელმწიფო დეპარტამენტიო. ვეუბნებოდით, რომ არ არის ეს სწორი ფორმულირება - ამერიკა არაა საქართველოსავით მოწყობილი, კონგრესს აქვს აღმასრულებელზე მეტი ძალა.
ესაა გზავნილი ხელისუფლებისთვის - ისრები გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტზე და დაევალა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომ გაგზავნოს საქართველოდან ანგარიში. ეს ყველაფერი გამოწვეულია ხელისუფლების არაკომპეტენტური ნაბიჯებით. ყველა გზავნილი, რაც აქედან გაიგზავნა, იყო ამის განმაპირობებელი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოს დახმარებისთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ს შეუჩეროს მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.