ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი, მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა და ა.შ. - ასე გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებებს, რომელიც მან გუშინ 23 თებერვალს ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება. გარდა ამისა, ლომჯარიამ განაცხადა, რომ წიწაკის სპრეის დახურულ სივრცეში გამოყენება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.
სახალხო დამცველის ამ განცხადებებს ქართული ოცნების წევრები გამოეხმაურნენ და ლომჯარიას მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ლომჯარიას ნაცდამცველი უწოდა: "სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, ვერ ჩამოიშორებს აი, ამ შეფასებას. ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება", - განაცხადა ვოლსკი.
ლომჯარიას განცხადებებს Facebook-ზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე და ომბუდსმენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი უწოდა.
სახალხო დამცველისგან ახსნა-განმარტების ითხოვს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: "მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რით იყო მისი განცხადება გამოწვეული, მაშინ, როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რომელიც განხორციელდა", - აღნიშნა მდინარაძემ.
კანონს დასვენების დღეები არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ე.წ. მეამბოხე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ომბუდსმენის განცხადებას, რომლის თანახმადაც იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს პირველი არხის ეთერში არაკომპეტენტური უწოდა: "მზად ვარ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთო კომენტარები ქალბატონ ნათია მეზვრიშვილის განცხადებებზე, რადგან მას სერიოზულ, კომპეტენტურ ადამიანად მივიჩნევ, რასაც ვერ ვიტყვი სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკოსების გარდა არც ერთ პატიმარს არ ხვდება", - განაცხადა წულუკიანმა.
გუშინ 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი.