logo
ENG



არასამთავრობო ორგანიზაციები საპარტნიორო ფონდში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ

02 მარ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

 

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარტნიორო ფონდში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ - მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დაუსაბუთებლად გაცემაა, პროექტებზე, რომელსაც ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სარგებელი არ მოუტანია, თუმცა გამდიდრდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები.

ფავორიტები და გაუმჭვირვალე გარიგებები - ასეთია არასამთავრობო სექტორის ნაწილის შეფასებით, საპარტნიორო ფონდის მუშაობის პრაქტიკა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  წლებია ფონდის გადაწყვეტილებებს თვალს ადევნებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან ან შემომწირველებთან საეჭვო ბიზნეს პარტნიორობის შესახებ არაერთ კვლევაში დაუწერიათ.

„ფორმულას“ ეთერში გასული „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ საპარტნიორო ფონდმა საიდუმლო კონტრაქტით, ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა.

სარეკლამო კლიპში, ბრენდის შეფუთვაში დახარჯული მილიონების მიუხედავად, ღვინო, რომელიც უკვე ამერიკის დახლებზე უნდა იდოს, ჯერ არც ჩამოუსხამთ.

გაჭიანურებული და ჯერ წამგებიანი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად, გაჩეჩილაძე საპარტნიორო ფონდისგან დამატებით მილიონებს ითხოვს.  ჟურნალისტურ გამოძიებაში ავტორები თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის პროექტის გამო გაცემული ათობით მილიონის შესახებაც ყვებიან, რომელიც  ყოფილ გენერალურ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება.

სახელმწიფო აუდიტორებს 8 წლის განმავლობაში, ფონდის საქმიანობა ჯერ არ შეუსწავლიათ. 

არასამთავრობო სექტორის გარდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საპარტნიორო ფონდი მთავრობის წევრების კრიტიკის ობიექტადაც იქცა. რამდენიმე კვირის წინ, სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო ჯანდაცვის მინისტრმა ფონდის ხელმძღვანელობას საჯაროდ უსაყვედურა.

საპარტნიორო ფონდში დღეს ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. სტუდია „მონიტორის“ ფილმში დასახელებულ, ლევან გაჩეჩილაძის ღვინის პროექტთან დაკავშირებით განგვიცხადეს მხოლოდ ის, რომ პროექტის დაფინანსება ფონდს მთავრობის განკარგულებით დაევალა.

 


close დახურვა