მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები წყალტუბოს განვითარების ახალ პროექტზე მსჯელობენ. ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ კურორტის განვითარების გეგმა რეალურია და ამ გეგმაში წამყვანი როლი ბიძინა ივანიშვილს უკავია.
რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მკაცრი კრიტიკული საჯარო განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მიმართა, რომ უნდა შეჩერდეს წყალტუბოს გასხვისების პროცესი, რადგან მათი თქმით, არსებობს საფუძველი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების განკარგვა ხდება ერთ პირთან შეთანხმებით. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან და მათ ექნებათ შესაძლებლობა პირადად დაუსვან კითხვები მთავრობის წარმომადგენლებს და მოისმინონ ახსნა-განმარტებები.
„ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას - სახელმწიფოს მიერ იმ ვალდებულების შესრულებას, რაც მას აკისრია, რომ წარმოადგინოს კვლევებზე და შეფასებებზე დაფუძნებული გეგმა, თუ როგორ ვითარდება ეს ქალაქი. შემდეგ შეაფასოს ამ განვითარების გეგმის გავლენა გარემოზე, რეგიონის და ქალაქის განვითარებაზე. მნიშვნელოვანი რესურსების: სარეკრეაციო, სამკურნალო, კულტურული მნიშვნელობის მქონე ქალაქის გასხვისება მხოლოდ ერთი ადამიანის პიროვნული თვისებების საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს,“ - განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, კოტე ერისთავმა.
პრეზენტაციაზე ჯერჯერობით არ უსაუბრიათ წყალტუბოს ფინანსურ ღირებულებებზე, თუ რა ფასად, რა პირობებით და რა ვალდებულებებით შეიძლება მიყიდონ ინვესტორს. საუბარი წყალტუბოს პოტენციალზე და მის სარგებლიანობაზე მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრებს არ გაუკეთებიათ განმარტებები იმის შესახებ, კონკრეტულად რა როლი და ფუნქცია ექნება ბიძინა ივანიშვილს ამ პროექტის განხორციელებაში.