უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ იქნება.
"არაფერი იქნება, არანაირი მოლაპარაკება, რადგან მათთან მოლაპარაკების არარსებობა არის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია თვით რუსეთის შიგნით კოლაფსის სწრაფი მოწყობისთვის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
4 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.
"უკრაინის ქმედებების შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად," - წერია განკარგულებაში.
13 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაციის შესახებ, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა.