logo
ENG



არესტოვიჩის წინააღმდეგ, ქალების მიმართ ძალადობრივი განცხადებების გამო, გამოძიება დაიწყო

13 ოქტ 202312:22
3 წუთის საკითხავი
 

ქალების მიმართ სექსისტური და ძალადობრივი განცხადებების გამო, უკრაინის პოლიციამ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატი ინა სოვსუნი ავრცელებს.

"დღეს პოლიციიდან მივიღე ინფორმაცია წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ახლა პოლიციის ვალდებულებაა გამოიძიოს ეს საქმე. გენერალური პროკურორისგანაც მაქვს პასუხი, რომ აღნიშნული ქეისი კიევის საქალაქო პროკურატურას გადაეცა", - განაცხადა სოვსუნმა.

რამდენიმე კვირით ადრე კი, 25 სექტემბერს რადას დეპუტატმა პოლიციაში განცხადება შეიტანა არესტოვიჩის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ქალებს არსებებად მოიხსენიებს, რომლებიც "ჯერ უნდა მოტ*ნა, შეურაცხყოფა მიაყენო და გაუჩერებლად დაახრჩო." ქალებმა კი კაცებს "როგორც კერპებს, ისე უნდა უყურონ."

28 სექტემბერს ინა სოვსუნმა სამართალდამცავ ორგანოებსაც დაუკავშირდა და განაცხადა, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლი (ძალადობისა და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის კულტის ხელშემწყობი საქმიანობის გავრცელება), რომელიც თავისუფლების სამ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. კიევის პოლიციის თქმით, ამ მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.

ალექსეი არისტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში 46 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული.


close დახურვა