logo
ENG



არეულობა ვენესუელას ქუჩებში - მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

30 ივლ 202408:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/30/i3n2qmsf71n6mrb.jpg

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია.

გამოცემის ინფორმაციით, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, ვითარება დაიძაბა.

ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი საპასუხოდ ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა. 

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა. 

ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათი აზრით, ოპოზიციის კანდიდატმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებული სწორედ ისაა. 

მიმდინარე წლის იანვარში ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ასოციაცია ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა, რის შემდეგაც მაჩადომ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის დაეჭირათ.

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მან უკვე მესამე ვადით იყარა კენჭი. ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.

 

 

 


close დახურვა