logo
ENG



არძინბა: საქართველოს მოვუწოდებთ, ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენებაზე ორმხრივ შეთანხმებას

23 სექ 202215:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/23/1m6o8tx2qzaz22r.png

გამოცემა SOVA-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებაზე, რომ საქართველო აპირებს საკუთარი დრონების წარმოებას, არძინბამ განაცხადა, რომ ამას სოხუმის ე.წ მთავრობა პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ჟენევას მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების შესახებ ორმხრივი ვალდებულების შეთანხმებას. აფხაზეთი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა, ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას. მაგრამ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და მშობლიურ მიწას ბოლომდე დავიცავთ“ - განაცხადა არძინბამ

ე.წ მინისტრის თქმით, სოხუმი 1997 წლის 14 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად მოქმედებს, რომელსაც ხელი ვლადისლავ არძინბამ და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს.

მისი თქმით, მხარეებმა ამ ხელშეკრულებით აიღეს პასუხისმგებლობა, რომ უთანხმოებების არსებობის შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ ძალას, „ყველანაირი განსხვავება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით, მოლაპარაკებების გავლით უნდა მოგვარდეს“ - აცხადებს არძინბა.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა აფხაზეთის მოსახლეობა ასევე გააფრთხილა, რომ მსოფლიოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და 50-ზე მეტი ქვეყანა „უკრაინისა და ნეონაცისტების მხარეს იბრძვის“.

არძინბას თქმით, საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რაც გამორიცხული არაა, ეს ქვეყნები საქართველოს დაეხმარებიან.

„ეს კოლექტიური დასავლეთის ომის მანქანაა. უცხოელი დაქირავებული სამხედროების დაჯგუფებები, სამხედრო დანაყოფები გაწვრთნილები არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისად. საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რასაც ვერ გამოვრიცხავთ, ყველა ეს ქვეყანა ჩვენს მოწინააღმდეგეს დაუჭერს მხარს“ - განაცხადა არძინბამ. 

ინალ არძინბას ცნობით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ისევე როგორც „კარგი, ძმური ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება მოკავშირე რუსეთის ფედერაციასთან“.

„ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთისადმი არამეგობრულ დამოკიდებულებად ჩაითვლება. რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერების კუთხით გვეხმარება. დღეს რუსეთის ფედერაცია წინ აღუდგა მსოფლიო უსამართლობას. ეს სიმართლისთვის ბრძოლაა, ეს სამართლიანობისთვის ბრძოლაა. და როგორც იცით, ძალა სიმართლეშია“ - განაცხადა ანილ არძინბამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 9 ივნისს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ

წლის ბოლომდე საქართველო აწარმოებს ქართულ უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონებს.

ბურჭულაძის თქმით, "თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა".

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნა ერთობლივი ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს.

ბურჭულაძის თქმით, გეგმის მიხედვით, კომპანია შპს დელტა ვებე წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ "მიმდინარე საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით, საქართველოსთან ომის ალბათობა, საკმაოდ მაღალია".

არძინბას თქმით, საქართველო კონსულტაციებშია NATO-სთან, ზრდის შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის კონტრაქტებს და გააქტიურებული ჰყავს დაზვერვა.


close დახურვა