აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი ხმაურიან დასკვნაში ნათქვამია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაფლანგულია საბიუჯეტო თანხები. კომპანიაში შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა დაცული არ არის. მათ შორის ირკვევა, რომ სატრანსპორტო კომპანიის მიერ დანერგილი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა ხარვეზებს შეიცავს. თბილისში ავტობუსების მძღოლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ 2017-2018 წლებში ზეგანაკვეთურად იმუშავა, რაც, გარდა იმისა, რომ შრომის კოდექსის დარღვევაა, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რისკის შემცველია. მათი ძირითადი ნაწილი დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში 17 საათს და მეტს მუშაობს.
მიუხედავად აუდიტის დასკვნისა და შრომის უსაფრთხოების დარღვევისა, ავტობუსის მძღოლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ არც სამუშაო განაკვეთთან და არც უსაფრთხოებასთან. თუმცა ისინი ადასტურებენ, რომ ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ყოველ მეორე დღეს ასრულებენ, სამუშაო საათები კი 9-დან 17 საათამდეა.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებს. დავით მესხიშვილისა და ვასილ ურუშაძის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლებს ეშინიათ სამუშაო ადგილის დაკარგვის და მხოლოდ ამიტომ არ საუბრობენ თავიანთ პრობლემებსა და გამოწვევებზე. მათივე განცხადებით, ეს პრობლემა ყოველთვის იყო საქართველოში, თუმცა ახლა უფრო მწვავედ დგას.
აუდიტის კიდევ ერთი სკანდალური დასკვნა, რომელიც თბილისის მერიაში 2017-18 წლების საქმიანობის კორუფციაზე მიუთითებს, პროკურატურას უკვე გადაეცა.