ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები აპირებენ, ღამე გუმათჰესის დასახლებაში, ENKA-ს ოფისთან გაათენონ. გზა, რომლითაც რიონის ხეობაში შესვლაა შესაძლებელი, ჩაკეტილია.
აქტივისტები ატარებენ ადგილობრივებს, თუმცა, ამბობენ, რომ კომპანია ENKA-ს კუთვნილ მანქანებს და თანაშრომლებს არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.
"ჩვენ გვაქვს კონტროლი მთავარ მაგისტრალზე. მოსახლეობას აქვს უფლება, გადაადგილდეს თავისუფლად, თუმცა, ENKA-ს მანქანების იდენტიფიცირება ხდება და მათთვის გადაადგილება შეზღუდულია, მოვუწოდებ პოლიციას, ეს პროცესი ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად მართონ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ პროვოცირებებს, რადგან ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენი არდაშვება ნამოხვანში არის უკანონო ქმედება და ბრძანება". - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ.
ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.
ამასთან, რამდენიმე დღეა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ.
იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში".
ასევე, 11 აპრილს შსს-მ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა. მიზეზად უწყებამ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატება, უსაფრთხოება და სამძებრო სამუშაოები დაასახელა. აქტივისტების თქმით, ეს კარვები ერთ-ერთი მათი მხარდამჭერის მიწაზე იყო გაშლილი, თუმცა, ENKA-ს განცხადებით, ეს ტერიტორია 2019 წლიდან კომპანიის საკუთრებაა.
ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს.
ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს
ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.
კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.