logo
ENG



აქციები ბელარუსში - სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ლიდერი ვიქტორ ბაბარიკა დააკავეს

19 ივნ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსის პრეზიდენტი  ქვეყანაში მასშტაბური დესტაბილიზაციის აღკვეთაზე საუბრობს. ალექსანდრე ლუკაშენკო პოლიტიკური ოპონენტის დაკავების შემდეგ აცხადებს, რომ ბელარუსში გარკვეული ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ქვეყანაში მაიდნის მოწყობას ცდილობდნენ. დაკავებული ოპონენტი კი ყოფილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკა. ის შვილთან ერთად იმ დროს აიყვანეს, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა ხელმოწერების ჩასაბარებლად მიდიოდა. 

ვიქტორ ბაბარიკამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მაისში გადაწყვიტა და ბელ-გაზ-პრომ-ბანკის ხელმძღვანელის პოსტიც დატოვა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკავა. რამდენიმე დღის წინ კი ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტმა ბანკში ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულია 20-მდე თანამშრომელი. გამოძიების მასალების მიხედვით ბანკში დანაშაულებრივი ჯგუფი მუშაობდა, რომელმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ  430 მილიონი დოლარი გაიტანა.

ევროკავშირმა საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავება დაგმო და ბელარუსის ხელისუფლებას კანონის უზენაესობის დაცვისკენ  მოუწოდა. 

საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავება მინსკში სოლიდარობის აქციით გააპროტესტეს. დედაქალაქის მთავარი ქუჩის გასწვრივ  დემონსტრანტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. 

თავად ბაბარიკა ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. ბანკი, რომელშიც ის მუშაობდა რუსული გაზპრომის დაქვემდებარებაშია, რომელიც ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლას და თანამშრომლების დაკავებას უკანონოს უწოდებს. ბელგაზპრომბანკის საქმე სახელმწიფო კონტროლის კომიტეტმა პროკურატურას გადასცა, დაკავებულ კანდიდატს კი ქონება დაუყადაღა.

 

 


close დახურვა