logo
ENG



აქციების მეექვსე დღე აშშ-ში - უსაფრთხოების მიზნით, ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

01 ივნ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო პროტესტის მეექვსე დღე შეერთებულ შტატებში. მოსახლეობა პოლიციის ძალადობას ქვეყნის 75 ქალაქში აპროტესტებს.

სახალხო პროტესტის მეექვსე დღეს შეერთებული შტატების 40-მდე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, მათ შორის ვაშინგტონშიც, მაგრამ აქციები მაინც გრძელდება. თეთრ სახლთან ახლოს ლაფაიეტის პარკში მდებარე შენობას დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. დაძაბული ვითარების გამო და უსაფრთხოების მიზნით დონალდ ტრამპი ერთი საათით თეთრი სახლის ბუნკერში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ვაშინგტონის ისტორიულ რაიონში, ჯორჯთაუნში ცნობილი ბრენდების მაღაზიები დაარბიეს.

პოლიციის მხრიდან ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ ნიუ-იორკშიც. აქციის ეპიცენტრი მანჰეტენი იყო. ტაიმ სკვერზე შეკრებილი მომიტინგეების წინაშე სოლიდარობის ნიშნად პოლიციელებმა დაიჩოქეს. დედაქალაქის მსგავსად, დემონსტრანტებმა მაღაზიები და ბანკები დაარბიეს ნიუ-იორკშიც. არეულობების დროს 350 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 30-მდე პოლიციელი. ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და ბოსტონში, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების შესაჩერებლად ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. მათ ნაწილს დემონსტრანტები უკან სამართალდამცველებს ესროდნენ. მომიტინგეებმა დაამტვრიეს პოლიციის მანქანა და ცეცხლიც წაუკიდეს. დაპირისპირების დროს ბოსტონში 12 პოლიციელი დაშავდა, აქციის 40 მონაწილე კი დააკავეს.

განსხვავებული იყო ვითარება მიჩიგანში, სადაც სახალხო აქციას შერიფი შეუერთდა. საპროტესტო მსვლელობაში მან დემონსტრანტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მაღაზიები დაარბიეს ფილადელფიაში, ლოს-ანჯელესსა და სანტა-მონიკაშიც. არეულობის გამო ქვეყნის 15 შტატში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები განალაგეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით განვითარებულ მოვლენებს ანტიფაშისტურ მოძრაობა ანტიფას უკავშირებს, რომლის შეყვანასაც ის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის აღშფოთების საბაბი ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტი გახდა. ის შეუძლოდ იმ დროს გახდა, როდესაც პოლიცია აკავებდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა. ოფიცერი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, სასამართლოს წინაშე 8 ივნისს წარდგება. 


close დახურვა