ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. ფორმალურად სამიტში მონაწილეობა ბელარუსიც, თუმცა ქვეყანაში არსებული რეპრესიებისა და მასშტაბური სანქციებით შემდეგ, მინსკი სიმბოლურად წარმოდგენილი იყო ცარიელი სკამითა და დროშით.
სამიტის ფარგლებში მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საუბარია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის მთავარ მიზნად რჩება.
"დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და ითვალისწინებს მათ შორის გაზრდილ კოორდინაციას საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეების იმპლემენტაციასთან. ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასთან", - ნათქვამია დეკლარაციაში.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2 მილიარდზე მეტ ინვესტიციას ჩადებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ეს ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მიზნად ისახავს საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენას.