აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი მტკიცებით, ინფორმაცია იმაზე, რომ პოლიციამ გამოიყენა გაზი, სიცრუეა.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ "ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი".
ბიუროში აცხადებენ, რომ პროცესი "კანონის დაცვით" მიმდინარეობდა.
"2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს"- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა.
პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.
კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.