აშშ-ის 16 შტატის 25 ქალაქში საპროტესტო აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული დემონსტრაციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, კომენდანტის საათი გამოეცხადებინა.
კომენდანტის საათი შემდეგ ქალაქებში მოქმედებს: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი, დენვერი, მაიამი, ატლანტა, ჩიკაგო, ლუისვილი, მინეაპოლისი და სენტ-პოლი, როჩესტერი , ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი, პორტლენდი და იუჯინი, ფილადელფია და პიტსბურგი, ჩარლსტონი და კოლუმბია, ნეშვილი, სოლტ-ლეიკ-სიტი, სიეტლი და მილუოკი.
ჯორჯ ფლოიდი მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებული ფლოიდი სამართალდამცველებს სთხოვს, ფეხი მოაშორონ ყელიდან, რადგან სუნთქვა უჭირს. რამდენიმე წუთში მოსულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის საავადმყოფოში გადაჰყავს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფლოიდის მკვლელობამ აშშ-ში საპროტესტო აქციები გამოიწვია. მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილი პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობაში ედება.