logo
ENG



აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი შედგება

08 დეკ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 8 დეკემბერს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი გაიმართება. შეხვედრა 14:30 საათზეა დანიშნული. შეხვედრის ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან.

შეხვედრის მე-3 რაუნდი გუშინ გაიმართა. კარლ ჰარცელმა დღეს თქვა, რომ "კარგი დისკუსია იყო". თუმცა, მათივე მოთხოვნით, შეხვედრის დეტალებზე არც ფასილიტატორები ლაპარაკობენ და არც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები. 

"გუშინ კარგი დისკუსია გაიმართა. მოვახერხეთ, ყველა საკითხს შევხებოდით, ასევე მოვახერხეთ გარკვეულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა, რასაც დღესაც გავაგრძელებთ. შეხვედავთ, როგორ შეიძლება, წინ წავიწიოთ საერთო პლატფორმისკენ. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი, ფასილიტატორების ძალისხმევა. გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება და მოითხოვს ლიდერობას, პასუხისმგებლობას და უდიდეს ძალისხმევას. მზად ვარ იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭიროა". - თქვა კარლ ჰარცელმა

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

კრიზისის ფონზე, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ დრომდე მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პარლამენტის შეკრების დრო ახლოვდება, თუმცა მოლაპარაკებები რაიმე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა. ოპოზიციის მოთხოვნა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. ხელისუფლება ამ დრომდე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს.

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.

სწორედ ეს შეთავაზება განიხილეს მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებზე მხარეების პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ზოგიერთ მთავარ საკითხზე ეს ვერ მოხერხდა.

შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა