აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა. ArmenPress წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ერევანში ოჯახთან და დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა.
აეროპორტში მას სომხეთის დელეგაცია შეხვდა - სომხეთის პარლამენტის სპიკერი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ერევნის მერი და სხვა ოფიციალური პირები.
დღეს საღამოს ჯეი დი ვენსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებაა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტი ხვალ უკვე აზერბაიჯანში გაემგზავრება.
Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ.
ამასთან, Euronews წერს, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურას რეგიონში TRIPP-ის მეშვეობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ძლიერი მმართველობა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კოორდინაცია.
2026 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი - ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოთხოვნას დათანხმდნენ.
