logo
ENG



აშშ-ის კონგრესმენები სოც.მედიებს მოუწოდებენ, შეინახონ რუსეთის ძალადობის ამსახველი მასალები

13 მაი 202200:45
3 წუთის საკითხავი
clock 720
აშშ-ის კონგრესმენები სოც.მედიებს მოუწოდებენ, შეინახონ რუსეთის ძალადობის ამსახველი მასალები

აშშ-ის კონგრესის ზედამხედველობისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლები სოციალური მედიის კომპანიებს სთხოვენ, შეინახონ და დააარქივონ მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების სამხილებად შეიძლება იყოს გამოყენებული.

წერილს, რომლის ადრესატებიც Meta-ს, Tiktok-ის, Twitter-ისა დაYouTube-ის მფლობელები არიან, ხელს დემოკრატიული პარტიის 4 კონგრესმენი კეროლინ მალონი, გრეგორი მიკსი, სტივენ ლინჩი და უილიამ კიტინგი აწერენ.

მათი თქმით, სოც.მედიების მხრიდან მომხმარებლების დაცვის მიზნით ძალადობის ამსახველ მასალაზე შესაბამისი პოლიტიკის დანერგვა გამართლებულია, თუმცა შედეგად, შესაძლოა, ეს პლატფორმები არამიზანმიმართულად ანადგურებდნენ იმ მასალას, რაც უკრაინაში რუსეთის ჩადენილ დანაშაულებს ასახავს.

„სოციალური მედიის პლატფორმები მუდმივად შლიან გრაფიკულ მასალას, რომელიც ძალადობას ან ადამიანის წამებას განადიდებს ან შესაძლოა ძალადობრივი დანაშაულები გამოიწვიოს და მათ სამართლიანად დანერგეს გრაფიკული მასალის პოლიტიკა, რათა დაიცვან მომხმარებლები.

თუმცა ჩვენ ვღელავთ, რომ პროცესებმა, რომლითაც სოც.მედია პლატფორმები შლიან ან ბლოკავენ ამ მასალებს - მათ შორის ავტომატიზებული და ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემებით - შესაძლოა, მოიტანოს იმ მასალის არამიზანმიმართული მოხსნა და სამუდამოდ წაშლა, რაც, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა პოტენციური დარღვევის სამხილებად იქნას გამოყენებული, მათ შორის ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და გენოციდის“ - წერენ კონგრესის წევრები.

კონგრესმენები აცხადებენ, რომ წაშლის ნაცვლად ამ ტიპის მასალაზე გაფრთხილების ან რაიმე ტიპის მონიშვნების გაკეთება აშშ-ის მთავრობასა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა საგამოძიებო ორგანიზაციებს დაეხმარება.

მათი თქმით, ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში ეს მასალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსული ძალების მხრიდან ჩადენილი სასტიკი ომის დანაშაულების საგამოძიებო და სასამართლო პროცესებში მნიშვნელოვანი სამხილი იქნება.

 

close დახურვა