ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსმენების კანონის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.
"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა". - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
ქართული ოცნების პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღო.
თავდაპირველად სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 68 დეპუტატი წავიდა.
ამის შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
ე.წ. მოსმენების კანონი ქართულმა ოცნებამ ივნისში მიიღო და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტით, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება.