logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს

03 ივნ 202318:58
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის საელჩო: ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეების დაკავებულების საქმეებს ყურადღებით აკვირდება.

საელჩოს თქმით, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა არ შეესაბამება იმ ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებს, რომელთან შეერთებაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს." - წერია საელჩოს განცხადებაში.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და განაცხადა, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.


close დახურვა