logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია

08 მარ 202320:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/plbderuvxwwms6j.jpg

აშშ-ის საელჩო საქართველოში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. ამის შესახებ საელჩო განცხადებას ავრცელებს.

"მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა