logo
ENG



აშშ-ის საელჩო 20 ივნისთან დაკავშირებით: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

20 ივნ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 
efvsjac28ypowgn.png

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისის წლისთავს Facebook-ზე გამოეხმაურა. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს, ხელისუფლებას კი დემოკრატიის განმტკიცებისათვის მოუწოდებს. 

"20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ. გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც. შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად. ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც დაიჭრა და დასახიჩრდა ასობით ადამიანი, რამდენიმე ახალგაზრდამ კი მხედველობა დაკარგა.


close დახურვა