logo
ENG



აშშ-ის საელჩო გახელაძეზე: ეს მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გამოიყენოს რეგიონები

05 თებ 202118:14
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის საელჩო გახელაძეზე: ეს მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გამოიყენოს რეგიონები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება და აცხადებს, რომ "დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი".

როგორც დიპლომატიური უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ქმედებები საქართველოს ამ ტერიტორიაზე და მის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. საელჩო გახელაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს. 

"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს.

რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს", - წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

 


close დახურვა